მაყურებელი რეჟისორ ზაზა კოლელიშვილის ახალ ფილმს ერთ თვეში იხილავს მხატვრული ფილმი "ომი და ქორწილი" აგვისტოს ომს ეხება და დოკუმენტურ სტილთანაა მიახლოებული.
ფილმის რეჟისორის ზაზა კოლელიშვილის განცხადებით, შეიძლება კინოთი თქვა ის სათქმელი, რაც სახელმწიფოს უნდა რომ თქვას.
"ფილმი უკვე იმ სტადიაშია, რომ შესაძლებელია მაყურებელმა ერთი თვის შემდეგ ნახოს. ხელახლა გახმოვანებაა საჭირო. იმიტომ, რომ ქართველები რუსულს მაინც ქართული აქცენტით ლაპარაკობენ. მე კი სუფთა რუსული მინდა და ვაპირებ, რომ რუსული ტექსტები გადავახმოვანო",- აცხადებს კოლელიშვილი
მისივე განცხადებით, ქართულად ამ ფილმს ერქმევა "ომი და ქორწილი" რუსულად კი "მემენტო მორი". ფილმი არის ოთხ ენაზე: ოსურად, ქართულად, რუსულად და ინგლისურად.
"ეს ფილმი პირველ რიგში იმიტომ გავაკეთეთ, რომ ქართველების მოწონება დაიმსახუროს და შემდეგ დანარჩენის. თუმცა, მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ვთვლით, რომ რა ენითაც ჩვენ მოვყევით ამბავი, ყველასთვის გასაგებია. ფილმი ისეთ სტილშია გადაღებული, რომ მიახლოებულია დოკუმენტურ კადრებს, სიმართლეს. გვინდოდა მართალი კინო ყოფილიყო და გვეთქვა, რომ სულერთია პირველი ვინ გაისვრის თოფს", - აღნიშნავს კოლელიშვილი.
ფილმის სიუჟეტად ომი და ქორწილია არჩეული,იმიტომ რომ ომის დროს ქორწილის გადახდა ბევრ ერის არ შეუძლია. ფილმში აქცენტი გაკეთებულია ქართულ სიმღერაზე, ფესვებზე.
"მტერს ცოტა სქემატურად ვხატავთ ხოლმე. ისიც ცოცხალი ადამიანია, იმასაც აქვს განცდები და უყვარს და მტერი ხდება იმიტომ, რომ იარაღით შემოდის შენს მიწაზე, შენს სახლში. მინდოდა მეჩვენებინა, რომ ტანკის ქვეშ ჩავარდნის გარეშეც ხდება გმირობები", - დასძენს ზაზა კოლელიშვილი.