გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე სამინისტროს სპეციალისტებთან ერთად კუს ტბაზე წყლის სინჯების აღების პროცესს პირადად დაესწრო.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სპეციალისტებმა თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყლის დაბინძურების ხარისხის შესამოწმებლად სპეციალური სინჯები აიღეს, რომლებსაც რამდენიმე სახის ანალიზი (წყლის ტემპერატურა, ჟანგბადისა და მარილის შემცველობა, გამტარობა) სანაპიროზევე ჩაუტარდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ლაბორატორიული კვლევა ევროკომისიის მიერ გადმოცემული სპეციალური მანქანა-ლაბორატორის საშუალებით ჩატარდა. წყლის მიკრობილოგიური კვლევის შედეგები 5 დღეში გახდება ცნობილი.
"ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ მოსახლეობამ დაინახოს და მიიღოს ინფორმაცია. ასეთი მონიტორინგი ტარდება ყოველთვის. მუდმივად, სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით კუს ტბაზე, ლისის ტბაზე და თბილისის ზღვაზე მოწმდება წლის ხარისხი. გარდა ამისა ქალაქში ჰაერის მდგომარეობაც მომწმდება. მშენებლობების გამო მომატებულია მტვერიანობა, მაგრამ ეს არ არის საშიში ზღვრები. ეს ყველაფერი ტარდება იმისთვის, რომ მოსახლეობამ მუდმივად მიიღოს ინფორმაცია", - განაცხადა ხაჩიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.