სკოლების კომპიუტერიზაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის პროგრამის ფარგლებში, დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საინოვაციო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. ცენტრში წარმოდგენილია უახლესი ტექნიკის ნიმუშები: ინტერაქტიული ელექტრონული დაფა, კომპიუტერები, ლეპტოპები, პროექტორები. HP-ის წარმოების ტექნიკა სამინისტროს კომპანიამ იუ-ჯი-თი (UGT) მოაწოდა.
როგორც დღევანდელ პრეზენტაციაზე აღინიშა, ინტერაქტიური ელექტრონული დაფა ნოვაციაა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო ბაზარზეც. დაფას უნიკალური შესაძლებლობები გააჩნია. მასზე ყველა მოქმედება ელექტრონულად ხორციელდება, გამოიყენება ნებისმიერი საგნის სწავლების პროცესში, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას დაფა ვირტუალური ლაბორატორიის ფუნქციას იძენს. იგი კომპიუტერთანაა დაკავშირებული და ნებისმიერ მოქმედებას რაც მასზე ხორციელდება კომპიუტერი იმახსოვრებს.
მასწავლებელს ელექტრონული დაფის გამოყენებით შესაძლებლობა ექნება მოსწავლეებს ტესტირება ჩაუტაროს, მოსწავლეები დისტანციური მართვის პულტების დახმარებით დააფიქსირებენ პასუხების თავიანთ ვარიანტებს. როგორც დღეს განათლების სამინისტროში ითქვა, თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს და ადვილად დაძლევადს ხდის სწავლა-სწავლების პროცესს.