ქალაქ დედოფლისწყაროში ნიკორციხის ქუჩაზე მცხოვრები 67 წლის ვალტერ ხარაშვილი, რომელსაც ექიმებმა მარჯვენა ფეხი ორი წლის წინ მოკვეთეს, ინვალიდობის ჯგუფის აღებას ვერ ახერხებს. მისი თქმით, რაიონულ პოლიკლინიკაში განუცხადეს, რომ ინვალიდობის ჯგუფის მისანიჭებლად მას მეორე ფეხიც არ უნდა ჰქონდეს.
„ერთი ფეხი მომკვეთეს, მეორეში კი რკინა მაქვს ჩადგმული. სახელმწიფოსგან არანაირ დახმარებას არ ვიღებ. ინვალიდობის ჯგუფიც არ მომანიჭეს, მეორე ფეხიც არ უნდა გქონდესო. მოვიჭრი ამ ფეხსაც და ეგ იქნება:, - ამბობს ვალტერ ხარაშვილი, რომელიც ნათხოვი ეტლით სარგებლობს. „ეტლიც სოფელ არბოშიკიდან სხვამ მათხოვა. როცა დასჭირდებათ და გამომართმევენ, უეტლოდ დავრჩები და გადაადგილებასაც ვეღარ მოვახერხებ", - აღნიშნავს ხარაშვილი.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს დედოფლისწყაროს რაიონულ პოლიკლინიკაში განუცხადეს, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება ცალფეხა ადამიანისთვის ინვალიდობის ჯგუფის მინიჭებას არ ითვალისწინებს.