ქრისტიან-დემოკრატები ხელისუფლებას 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას მიცემული პირობების შესრულებას სთხოვენ. ამის შესახებ განცხადება ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენლებმა ლევან ვეფხვაძემ და მაგდა ანიკაშვილმა პარლამეტში ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.
როგორც ვეფხვაძემ აღნიშნა, მიმდინარე წლის ბიუჯეტი იზრდება 215 მილიონი ლარით, თუმცა ეს თანხა ნაწილდება არა საჭიროებისამებრ, არამედ იმის მიხედვით, "თუ სად შეძლებს სააკაშვილი პროექტის ზეიმით გახსნას".
როგორც ვეფხვაძე განმარტავს, 215 მილიონიდან 9 მილიონი უნდა გამოიყოს ორი ახალი ციხის ასაშენებლად, მაშინ, როდესაც არც ერთი თეთრი არ არის გათვალისწინებული განათლებისა და ჯანდაცვის სფეროს დასაფინანსებლად.
"რატომ არ ასრულებს მთავრობა 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისთვის მოცემულ პირობას, რომ სახელმძღვანელოების პროგრამა სექტემბრისთვის 5 მილიონი ლარით გაიზრდებოდა და რატომ არ ხდება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების გაზრდა. როდესაც ამ პროგრამებზე ვსაუბრობდით, მთავრობისგან იყო პირობა, რომ თუკი ქვეყანაში დაფიქსირდებოდა ეკონომიკური ზრდა, აღნიშნული პროგრამები წლის განმავლობაში საჭიროებისამებრ გაიზრდებოდა", - განაცხადა ვეფხვაძემ.
მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ სტუდენტები ვეღარ გადადიან კურსიდან კურსზე იმიტომ, რომ არა აქვთ გადასახდელი თანხა.
ანიკაშვილის თქმით, პრობლემებია ჯანდაცვის პორგრამების დაფინანსებაში და იგი ხელისიუფლებას სწორედ ამ საკითხების პრიორიტეტულად მიჩნევას სთხოვენ.