კომპანია "თელასი" თბილისის გამანაწილებელი ქსელის ტექნიკური რეაბილიტაციის პროცესს აგრძელებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "თელასიდან" აცნობეს, კომპანიამ დედაქალაქის მაღალი ძაბვის ქვესადგურების 6-10 კილოვოლტიან გამანაწილებელ სექციებზე 2010 წლის გეგმით განსაზღვრული სამუშაოების განხორციელება დაიწყო. პროექტის პირველი ეტაპი ქვესადგურების "მუხიანისა" და "ორთაჭალჰესის" 6-10 კილოვოლტის საშუალო ძაბვის გამანაწილებელ სექციებზე 7,5 კილომეტრი საერთო სიგრძის საფიდერო კაბელების შეცვლას ითვალისწინებს.
აღნიშნული სამუშაოების განხორციელება კომპანიას 15 ათასი აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას მისცემს. კერძოდ, პროექტი მუხიანის პირველი და მეორე მიკრორაიონების 9 ათას აბონენტს და მთაწმინდა-კრწანისის რაიონის 6 ათას აბონენტს შეეხება (გორგასლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია).
ამ წლის განმავლობაში კი "თელასს" პროექტის ფარგლებში თბილისის გამანაწილებელი ქვესადგურების 6-10 კილოვოლტიან სექციებზე 45 კილომეტრი სიგრძის საფიდერო კაბელების შეცვლა აქვს დაგეგმილი.
"მოძველებული საკაბელო მეურნეობის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეამცირებს ავარიული სიტუაციების შექმნის ალბათობას, რაც კომპანიის 75 ათასი აბონენტისთვის სტაბილურ და საიმედო ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს. დაგეგმილ სამუშაოებზე 4,5 მილიონი ლარია გამოყოფილი", - აცხადებენ "თელასში".
მათივე ინფორმაციით, თბილისის გამანაწილებელი ქვესადგურების საშუალო ძაბვის სექციებზე საფიდერო კაბელების შეცვლის პროექტი "თელასის" 2010 წლის თბილისის გამანაწილებელი ქსელის ტექნიკური რეაბილიტაციის პროგრამის ნაწილია, რომლის საერთო ღირებულება 37 მილიონ ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ 2009 წელს წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 6-10 კილოვოლტიან გამანაწილებელ სექციებზე კომპანიამ 33 კმ სიგრძის საფიდერო კაბელი შეცვალა.