პარლამენტის წევრი ჯონდი ბაღათურია რეფერალური პროგრამების დაფინანსების შეწყვეტას და სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე არჩევნების შემდეგ ფასების გაზრდას აპროტესტებს. პასუხს კი ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებისგან ელოდება და მათ სამთავრობო საათზე დაბარებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება ბაღათურიამ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, არჩევნების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა ფასები მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე, რაც დაუყოვნებლივ უნდა გახდეს რეაგირების საგანი.
იგი აქცენტს აკეთებს იმაზედაც, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით შეწყდა რეფერალური პროგრამების დაფინანსება. ბაღათურიას ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ, რომელიც იხილავდა და იღებდა გადაწყვეტილებას მოქალაქეების დაფინასებაზე, საერთოდ შეაჩერა მუშაობა, რის მიზეზადაც ფინანსური რესურსების უკმარისობა სახელდება.
"ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების შემცირება არსებულ სოციალურ ფონზე დანაშაულია ხალხის წინაშე. სახელმწიფო ვალდებულია, შეამციროს მილიონების ხარჯვა გასართობ პროგრამებზე და იზრუნოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე", - განაცხადა ბაღათურიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის რეგლამენტის თანახმად სამთავრობო საათი იმართება ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს. თუმცა მინისტრის დასაბარებლად არსებობს რეგლამენტით დადგენილი წესი. დეპუტატმა მინისტრს კითხვები 15 დღით ადრე უნდა მიაწოდოს და სამთავრობო საათზე მისული მინისტრი მხოლოდ აღნიშნულ კითხვებს სცემს პასუხს. დეპუტატს კი მხოლოდ ამ კითხვის დაზუსტების უფლება აქვს.