მიმდინარე წელს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება 42 მილიონი ლარით გაზრდება. ეს თანხა კი ლილოსა და ადლიის ტერმინალების მშენებლობას და სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის სრულ რეაბილიტაციას მოხმარგდება. ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა დღეს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე 2010 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის პროექტის განხილვისას გააკეთა.
მიმდინარე წლის ბიუჯეტი 215 მილიონით იზრდება. აქედან 42 მილიონი ლარი ფინანსთა სამინისტროს დაემატება.
პეტრიაშვილის განცხადებით, ტერმინალების მშენებლობის და სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის რეაბილიტაციისათვის პროექტები უკვე მომზადებულია და ბიუჯეტში ცვლილებების დამტკიცებისთანავე გამოიყოფა თანხა და დაიწყება აღნიშნული პროექტების განხორციელება.
მისივე განმარტებით, დაგეგმილია, რომ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის რეაბილიტაცია მომავალი წლის გაზაფხულისათვის დამთავრდეს. მომავალ წელსვე უნდა დასრულდეს ტერმინალების მშენებლობაც.