პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა გამცემლიძე ითხოვს, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის თანხა გაზრდილ ბიუჯეტში მაინც გაიწეროს. ეს მოთხოვნა ზაზა გამცემლიძემ დღეს, პარლამენტში მიმდინარე ბიუჯეტის გაზრდის პროექტის განხილვისას გააკეთა.
გამცემლიძემ გარემოს დაცვის მინისტრის მოაგდილისაგან პასუხად მიიღო, რომ აღნიშნული საკითხი სარეზერვო ფონდებიდან მოგვარდება. გოჩა მამაცაშვილის თქმით, აღნიშნული საკითხი მთავორბაში უკვე შეთანხმებულია და ამ საკითხის შეცვლა მიზანშეწონილად აღარ მიაჩნია. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტში ცვლილების შეტანის პროექტის განხილვისას კომიტეტის წევრებს არანაირი შენიშვნა და კითხვა არ გასჩენიათ და ზაზა გამცემლიძემ მათ ამის გამო მადლობაც კი გადაუხადა.
რაც შეეხება ბიუჯეტში ცვლილების შეტანის პროექტს, ბიუჯეტი იზრდება 215 მილიონით. გაზრდილი თანხა კი შემდეგნაირად გადანაწილდება. ძირითადი თანხა მიმართული იქნება დევნილების პრობლემების მოსაგვარებლად, რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. დევნილების კომპენსაციისათვის გამოყოფილი იქნება 6,5 მილიონი ლარი, კომუნალური ხარჯებისათვის 3,4 მილიონი, დევნილების საცხოვრებელბის რეაბილიტაციისათვის 2,6 მილიონი ლარი. ციხეების რეაბილიტაციისათვის 9,4 მილიონი ლარი, ასევე გამოყოფილია თანხა რეიგონებში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისათვის და ამისთვის გათვალისწინებულია 12 მილიონი ლარი. რაჭაში მიწისძვრით მიყენებული ზარალის კომპენსირებისთვის გამოყოფილია 9 მილიონი ლარი, 6 მილიონი გამოყოფილი იქნება რეგიონებში სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებისათვის, 2,6 მილიონი კი გამოეყოფა საგარეო საქმეთა სამინისტროს გერმანიაში საელჩოს შენობის შესაძენად.