საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამედიცინო სადაზღვევო კომპანია - "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ნიკოლოზ რამიშვილი თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო კაბინეტის გახსნას დაესწრნენ.
55-ე საჯარო სკოლაში სამედიცინო კაბინეტი გაარემონტა, თანამედროვედ აღჭურვა და მედიკამენტებით უზრუნველყო სამედიცინო სადაზღვევო კომპანიამ - "არქიმედეს გლობალ ჯორჯია". კომპანია გადაუხდის ხელფასს ექიმს, რომელიც სკოლას მოემსახურება და მომავალშიც თავად იზრუნებს კაბინეტის საჭირო მედიკამენტებით მომარაგებაზე.
როგორც ცნობილია, ახალი სასწავლო წლიდან გარდა პროფესიონალი ექიმისა, ბავშვების ჯანმრთელობაზე მანდატურებიც იზრუნებენ. ყველა მანდატური სამედიცინო უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, გადამზადდება და ისინი გარდა კონფლიქტებისა და დანაშაულის პრევენციისა, მოსწავლეთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასაც შესძლებენ.