პრეზიდენტი კონსტიტუციაში მორიგი ცვლილების შეტანას ითხოვს. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ინიცირებულ იქნა პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივა, კონსტიტუციაში დამატებების შეტანის თაობაზე.
კანონპროექტის თანახმად, ხანგრძლივვადიანი სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვარსა და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად პრინციპებს დაადგენს საქართველოს ორგანული კანონი. ამასთან, საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღება ან გაზრდა, ასევე მათი დაბეგვრის ობიექტის დამატება ან გაფართოება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეფერენდუმის გზით, რომლის დანიშვნის ინიციატივის უფლება ექნება საქართველოს პრეზიდენტს.
საკითხი უკვე ინიცირებულია. ხვალინდელ სესიაზე პარლამენტი მიიღებს დადგენილებას, საკონსტიტუციო ცვლილების საზოგადოებრივი განხილვის უზრუნველსაყოფად შეიქმნება საკონსტიტუციო ჯგუფი. განაწილდება ქვოტები და დაინიშნება ჯგუფის ხელმძღვანელი.