ხვალ, 8 ივნისს, კახეთის რეგიონში ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ორი საწარმო გაიხსნება.
12:00 საათზე ნაფარეულში გაიხსნება ვარდის ზეთის მწარმოებელი ქარხანა შპს "კოპალა". გახსნის ცერემონიას დაესწრება პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილი, აგრეთვე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ათასწლეულის ფონდის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები. შპს "კოპალამ" ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის პროექტის ფარგლებში 150 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო. ამ თანხით და ადგილობრივი ფერმერის თანადაფინანსებით, 151 000 აშშ დოლარი, მოხდა საწარმოს განახლება და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. შეიქმნა 40-ამდე ახალი სამუშაო ადგილი. საწარმოში ხდება ვარდის ზეთის წარმოება და დაფასოება. საბოლოო პროდუქტი კი ექსპორტზე გერმანიაში გადის. ვარდის ზეთი ეთერზეთების ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი სახეობაა. ის ინტენისურად გამოიყენება პარფიუმერიასა და ფარმაცევტიკაში. საუცხოო თვისებებისა და იშვიათობის გამო, ამ პროდუქტის ფასი მუდმივად მაღალია და ნაკლებად ექვემდეაბარება ზოგადეკონომიკური ტენდენციების ზეგავლენას.
14:00 საათზე იყალთოში გაიხსნება რძის გადამამუშავებელი მცირე საწარმო, რომელმაც ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში 50 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო. ამ თანხით და ადგილობრივი მეწარმის თანადაფინანსებით, 62 000 აშშ დოლარი, მოხდა საწარმოს განახლება და მისი აღჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით. საწარმოში მოხდება ორი ტიპის ყველის (სულგუნი და ქართული ყველი) წარმოება, დაფასოება და დისტრიბუცია. პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნა 10 ახალი სამუშაო ადგილი, 55-მა ადგილბორივმა ფერმერმა კი ჰპოვა არაპირდაპირი სარგებელი საკუთარი პროდუქციის ჩაბარებით.
ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში დღეისათვის დამტკიცებულია 286 პროექტი: პირველადი წარმოების, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრების განვითარებისთვის საქართველოს ყველა რეგიონში, საერთო თანხით 16.2 მლნ. აშშ დოლარი, რაც, სავარაუდოდ, 3600-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნის წინაპირობაა საქართველოს რეგიონებში.