სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თბილისში მოქმედი ორგანიზებული-რეკეტული დაჯგუფების წევრები გრიშა კომახიძე და ლევან ღვინიაშვილი დააკავეს, რომლებმაც გამოძიებით ჯერჯერობით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, 2010 წლის 13 იანვარს, საქართველოში კოკაინის ტრაფიკის (საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვის) ხელმძღვანელი ნუგზარ ბოჭორიშვილი და მისი დაჯგუფების აქტიური წევრი გიორგი ჩეჩელაშვილი გაიტაცეს.
შსს-ს ინფორმაციით, გრიშა კომახიძემ და ლევან ღვინიაშვილიმა იცოდნენ რომ ნუგზარ ბოჭორიშვილი ნარკოტიკული საშუალების სატრანზიტო ოპერაციებით დაკავებული იყო, აღნიშნულ საქმიანობაში მფარველობის სანაცვლოდ მათ 250 000 ევროს გადახდა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. მათვე ნუგზარ ბოჭორიშვილის დაშინების მიზნით გადაწვეს კოჯორში არსებული მისი სახლი.
ბოჭორიშვილმა მათ 10000 დოლარი გადაუხადა, ხოლო თავად ესპანეთში გაემგზავრა, თითქოსდა დარჩენილი თანხის ჩამოსატანად.
ესპანეთში იგი ნარკოტრაფიკის ძირითად ორგანიზატორს და მის რეალურ მფარველს, ე.წ. კანონიერ ქურდს შაქრო კალაშოვს შეხვდა, რომელმაც ელგუჯა გურჩიანის მეშვეობით გრიშა კომახიძეს და ლევან ღვინიაშვილს შეუთვალა, რომ კოკაინის ტრანზიტი მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ხორციელდებოდა, აღნიშნულის შედეგადაც ეს უკანასკნელები იძულებულები გახდნენ ჩამოშორებულიყვნენ ნუგზარ ბოჭორიშვილს.
გრიშა კომახიძე და ლევან ღვინიაშვილი, ეჭვმიტანილები არიან თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და გამოძალვაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.