საქართველოს "სიცილის დედოფლის" მზია კვირიკაშვილის თბილისში 7 ივნისს გამთენიისას ჩამოიყვანენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ფონდი "მომავლის გზის" ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა განუცხადა.
დავით კინწურაშვილის განცხადებით, აშშ-ს ერთ-ერთ საავადმყოფოში მოთავსებული მზია კვირიკაშვილის მკურნალობას საკმაოდ სოლიდური თანხები სჭირდებდა, რაც თავად კვირიკაშვილს არ გააჩნდა. ამ დროის განმავლობაში მას ემიგრაციაში მყოფი ქართველები ეხმარებოდნენ.
"ქალბატონმა მზიამ აშშ-ში თავი ცუდად იგრძნო, რის შემდეგაც საავადმყოფოშიო მოათავსეს. მას ღვიძლის სიმსივნე დაუდგინეს. მოგეხსენებათ აშშ-ში მკურნალობა მნიშვნელოვან სახსრებს უკავშირდება. ამიტომ გადაწყდა მისი თბილისში გადმოყვანა. ჩემი ინფორმაციით თვითმფრინავი, რომლითაც ქალბატონ მზიას ჩამოიყვანენ თბილისი აეროპორტში 7 ივნისს დილის ხუთი საათისთვის დაეშვება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" დავით კინწურაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მზია კვირიკაშვილის დასახმარებლად საქართველოს ბანკში გახსნილ ანგარიზე უკვე სამი ათას ლარზე მეტია ჩარიცხული.
"ინფრმაცია პარასკევი საღამოს მდგომარეობით მაქვს. უკვე სამი ათას ლარზე მეტი ჩაირიცხა, თუმცა კონკრეტული ციფრი და იმ ადამიანებისა თუ კომპანიების ვინაობა, რომლებმაც მზია კვირიკაშვილის დასახმარებლად სახსრები გაიღეს უახლოეს დღეებში დაზუსტდება. მით უფრო, რომ ამ დღეების განმავლობაში ჩვენს ფონდში და მის წევრებთან ტელეფონის ზარები არ წყდება. სრულიად უცნობი ადამიანები გვპირდებიან რომ დაეხმარებიან ქალბატონ მზიას", - განაცხადა დავით კინწურაშვილმა.
კონწურაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მზია კვირიკაშვილს თანადგომას მრავალი ადამიანი და კომპანია გაუწევს, მით უფრო, რომ თბილისში ჩამოსვლის შემდეგაც მის მკურნალობას სოლიდური სახსრები დასჭირდება.
შეგახსენებთ მზია კვირიკაშვილის დასახმარებლად გახსნილი ანგარიშის ნომერს:
საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი; კოდი - 220101502; ანგარიშის # 149043300