"თი-ბი-სი ბანკის" გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე, არსებულ მაკროეკონომიკურ მდგომარეობას პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ "ეს კომერციული ბანკების საქმიანობაზე დადებით აისახება".
"ბოლო 3-4 თვის განმავლობაში, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ დადებითია. მომავალ წელს მოსალოდნელია ეკონომიკის ზრდაც. ეს რა თქმა უნდა, კომერციული ბანკების საქმიანობაზე აისახება ", - განუცხადა ბუცხრიკიძემ.
მისი განმარტებით, "თი-ბი-სი" ბანკმა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემა გააქტიურა და ამასთან, საპროცენტო განაკვეთებიც საკმაოდ შეამცირა.
"ასევე, ვფიქრობთ კორპორატიული სესხები გავააქტიუროთ", - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, საქართველოში მაკროეკონომიკური კრიზისის ყველაზე მძიმე პერიოდი დაძლეულია.
როგორც ქადაგიძემ დღეს, ქვეყნის ეკონომიკაში ბოლო დროს დაფიქსირებული მაკროეკონომიკური ტენდენციების პრეზენტაციაზე განაცხადა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტენდენციები შეინიშნება.
"2009 წლის მეორე კვარტალი მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა. მშპ-ს მაჩვენებელმა 10 %-ი შეადგინა. წინასწარი პროგნოზით, 2010 წელს ქვეყნის ეკონომიკის სულ მცირე 2 %-იანი ზრდაა მოსალოდნელი", - განაცხადა ქადაგიძემ.
რაც შეეხება ინფლაციას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მიმდინარე წლის ბოლოსთვის 3 %-იან წლიურ ინფლაციას პროგნოზირებს.