"საქართველოს ბანკი" სესხებსა და დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს, ამის შესახებ ჟურნალისტებს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრის შემდეგ, განუცხადა, რომელთანაც ქვეყნის ეკონომიკაში ბოლოდროს დაფიქსირებული მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ ისაუბრა.
გილაური ქვეყნის მაკროეკონომიკურ სურათს პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ ეკონომიკის ზრდის ტენდენციის გამოვლენა, როგორც სესხებზე, ისე დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას გამოიწვევს.
"მაკროეკონომიკური სურათი პოზიტიურია. ეს იმის მაჩვენებელია, რომ სესხებზე საპროცენტო განაკევეთები მკვეთრად დაიწევს და მიმაჩნია, რომ იგივე მოხდება დეპოზიტების შემთხვევაშიც. საპროცენტო განაკვეთების შემცირება და სესხის პორტფელის გაზრდა "საქართველოს ბანკის" სტრატეგიაა", - განაცხადა გილაურმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, საქართველოში მაკროეკონომიკური კრიზისის ყველაზე მძიმე პერიოდი დაძლეულია.
როგორც ქადაგიძემ დღეს, ქვეყნის ეკონომიკაში ბოლო დროს დაფიქსირებული მაკროეკონომიკური ტენდენციების პრეზენტაციაზე განაცხადა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტენდენციები შეინიშნება.
"2009 წლის მეორე კვარტალი მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა. მშპ-ს მაჩვენებელმა 10 %-ი შეადგინა. წინასწარი პროგნოზით, 2010 წელს ქვეყნის ეკონომიკის სულ მცირე 2 %-იანი ზრდაა მოსალოდნელი", - განაცხადა ქადაგიძემ.
რაც შეეხება ინფლაციას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მიმდინარე წლის ბოლოსთვის 3 %-იან წლიურ ინფლაციას პროგნოზირებს.