საქონლის ექსპორტ-იმპორტი კლებას განაგრძობს, ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ქვეყნის ეკონომიკაში დაფიქსირებული ბოლო დროინდელი მაკროეკონომიკური ტენდენციების პრეზენტაციაზე განაცხადა.
"საქონლის ექსპორტი და იმპორტი მაღალი ტემპით კლებას განაგრძობს. ექსპორტი დაახლოებით 22 %-ით, იმპორტი კი 32 %-ით შემცირდა", - განაცხადა ქადაგიძემ.
რაც შეეხება საგარეო სექტორის კიდევ ერთ კომპონენტს, ფულად გზავნილებს, ქადაგიძის განმარტებით, გასულ თვეებთან შედარებით, სექტემბერში ფულადი გზავნილების ოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
"წლის მანძილზე ფულადი გადარიცხვების კუთხით მაქსიმალური მაჩვენებელი სექტემბერში დაფიქსირდა", - განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.