რუმინეთის მართმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის დანიელის შეფასებით, საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ქართველი ერის ვაჟკაცობაზე მეტყველებს.
ამის შესახებ რუმინეთის პატრიარქმა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძარში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიღებაზე განაცხადა, რომელსაც პრეზიდენტმა სიმბოლურ საჩუქრად საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.
"ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს და რუმინეთის ურთიერთობა. ერთი რამ მინდა ავღნიშნო, რომ თქვენი ხუთჯვრიანი დროშა ქართველი ერის ვაჟკაცობისა და ქვეყნის ძლიერების სიმბოლოა. დალოცვილი იყოს საქართველო და რუმინეთი", - განაცხადა მისმა უწმინდესობა.
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, მაშინ, როცა მართმადიდებელი რუმინეთი ევროკავშირის წარმატებული წევრია ეს საქართველოსთვის იმედის მიმცემია.
ამასთან, სააკაშვილის თქმით, დღემდე საქართველოში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სახელმწიფო, ხუთჯვრიან დროშას არ აიღებენ და ძველის დაბრუნებას ცდილობენ.
"ეს დროშა ქართველმა ხალხმა მთელი გულით მიიღო. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ხუთჯვრიანი დროშით და მას ვერავინ ვერ შეცვლის", - აღნიშნა სააკაშვილმა რუმინეთის პატრიარქთან შეხვედრის დროს.