რუმინეთის ხელისუფლება ბათუმსა და კონსტანცაში საბორნე მიმოსვლის დაწყების ინიციატივით გამოდის.
აღნიშნული ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერთან შეხვედრების დროს განიხილა. ასევე, ორი ქვეყნის პრეზიდენტმა ნატოში გაწევრიანების, გაყინული კონფლიქტებისა და ეკონომიკის საკითხები განიხილეს.
"მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და საქართველომ მოახერხეს პრინციპული შეთანხმების მიღწევა საქართველოს ტერიტორიიდან გათხევადებული გაზის ტრანსპორტირების შესახებ. ახალი ტერმინალი აშენდება ფოთი-ყულევის ტერიტორიაზე, რაც გარდა დამატებითი სამუშაო ადგილებისა, ასევე, ევროპისთვის საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას ზრდის", -აღნიშნა სააკაშვილმა რუმინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.
ამასთან, სააკაშვილის განცხადებით, რუმინეთსა და მის ლიდერეს ევროპულ უსაფრთხოების საკითხებზე პრინციპული და ფუნდამენტური ხედვა აქვს, რომლის დასტურიც ახალი ენერგეტიკული პროექტია.
"ახალი ენერგეტიკული პროექტი ინიციატორი და თანაავტორი სწორედ რუმინეთის პრეზიდენტა, რომელიც ნაბუქოზე ადრე დაიწყება და ევროპისთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ევროპა ენერგეტიკულ ბაზარზე დიდ მოთამაშეებზეა დამოკიდებული, ეს პროექტი კი მას ზურგს გაუმყარებს. ეს არის ის, რაც ევროპას სჭირდება", - აღნიშნა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "გათხევადებული ბუნებრივი გაზის და მისი ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" მემორანდუმი საქართველომ და რუმინეთმა 13 აპრილს ბუქარესტში გააფორმეს. მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოში გაზის გამათხევადებელი, ხოლო რუმინეთში რეგაზიფიკაციის ტერმინალების მშენებლობას. პროექტის ღირებულება, წინასწარი გათვლებით, 4-6 მლრდ ევროს შეადგენს.
პროექტის თანახმად, საქართველოდან გათხევადებული გაზის რუმინეთში ტრანსპორტირება მოხდება. რუმინეთში გათხევადებული გაზი მიიღებს ისევ ბუნებრივი გაზის სახეს და შემდგომ ის განკუთვნილი იქნება ევროპული ქვეყნების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.