დღეს, 3 ივნისს, 12:00 საათზე, "ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილი მმართველი ანზორ ქოქოლაძე სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საგანგებო ბრიფინგს გამართავს. კომპანიის ყოფილი მმართველი გუნდის ცნობით, "თიბისი ბანკმა" 5,5 მილიონ აშშ დოლარად დაგირავებული "ელიტ ელექტრონიქსის" 55%-იანი წილი არაკეთილსინდისიერი გზით, 116 ათას ლარად ოფიციალურად გადაიფორმა.
ქოქოლაძე აცხადებს, რომ მისი პროგნოზი "თიბისის" მიერ კომპანიის წილის მითვისების თაობაზე გამართლდა. ამიტომ ის საქართველოში მოღვაწე ყველა ბიზნესმენს აფრთხილებს, რომ "თიბისი" ბანკი არასაიმედო პარტნიორია და საკუთარ სურვილებს პარტნიორების ქონების დატაცებით ისრულებს.
ქოქოლაძის თქმით, მისი 14-წლიანი მმართველობის დროს "ელიტ ელექტრონიქსს" ბანკებთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულებები არასოდეს დაურღვევია. კრედიტის პირობები "თიბისი ბანკის" მიერ მენეჯმენტის საკუთარი თანამშრომლებით ჩანაცვლებიდან 20Dდღის ახალმა მენეჯმენტმა შეგნებულად 15 მარტს დაარღვია.
"ელიტ ელექტრონიქსის" დაპატრონებას რომ წინასწარ გეგმავდა "თიბისი ბანკი" ამას ისიც ადასტურებს, რომ მან "ელიტ ელექტრონიქსს" 500,000 ლარის სესხის ვითომდა გადაუხდელობის შემდგომ მისცა ახალი სესხი რომელიც უზრუნველყო იმავე ანზორ ქოქოლაძის წილით მისი დასტურის გარეშე, რაც ალოგიკურია, რადგან თუ "ელიტ ელექტრონიქსმა" ვერ მოახერხა არსებული სესხის დაფარვა, მასზე დამატებითი, ახალი სესხი რატომ გაიცა?" - აცხადებს ქოქოლაძე.
ქოქოლაძეს 15 მარტს საქალაქო სასამართლოში შეტანილი ჰქონდა სარჩელი აქციების გასხვისების აკრძალვის მოთხოვნით.
"საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე "თიბისი" ბანკმა აქციების 55% 7 მაისსს ფარულად მაინც გადაიფორმა და ამის შესახებ მხოლოდ 28 მაისს მამცნო მიზანმიმართულად, რათა არჩევნების ხმაური გადაეფარა", _ აცხადებს ქოქოლაძე.
ამჟამად ქოქოლაძემ სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანა, რომელშიც აქციების 55% გასხვისების შესახებ გარიგების გაბათილებას მოითხოვს.