საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ირანში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში თავის ირანელ კოლეგას, ირანის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოღვაწე ბიზნესმენებს შეხვდა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ირანში ოფიციალური ვიზიტის მთავარი მიზანი სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ინტენსიფიკაცია იყო.
ირანის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა საქართველოსა და ირანს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
"ვიზიტით კმაყოფილი ვარ, რადგან საქართველოში კონკრეტული შედეგით ვბრუნდებით. შევთანხმდით, რომ ირანი განახორციელებს ინვესტიციას საქართველოს სოფლის მეურნეობაში და ააშენებს ცხვრის სასაკლაოს. ეს მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ სასაკლაოს აშენება ქართული ცხვრის ხორცისთვის ირანულ ბაზარს გახსნის. მომავალში სხვა პროექტების განხორციელების შესაძლებლობასაც განვიხილავთ", - განაცხადა ბაკურ კვეზერელმა.
საქართველოსთან თანამშრომლობით დაინტერესებულია ირანიც. "ირანი 75-მილიონიანი ქვეყანაა და ჩვენს ბაზარზე დიდია საკვები პროდუქტების მოთხოვნა. ვფიქრობ, თანამშრომლობა საქართველოსა და ირანს შორის ნოყოფიერი და ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება", - განაცხადა ირანის სოფლის მეურნეობის მინისტრმა სადიგ ხალილიანმა.
თეირანში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციამ მოინახულა ირანის ვაქცინაციის ცენტრი, სასათბურე მეურნეობები და აგრარული გამოფენა.