საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებები დღეს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს გააცნო. როგორც მინისტრმა განაცხადა, ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებები ბიზნესსექტორისთვის ბევრ პრივილეგიასა და საგადასახადო ვალდებულების შემსუბუქებას ითვალისწინებს.
"ახალი კანონმდებლობის მიზანია, მეტი სიმარტივის, თავისუფლებისა და სანდოობის შეთავაზება ბიზნესსაზოგადოებისათვის," - განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ბიზნესასოციაციამ ბოლო პერიოდში ფინანსთა სამინისტროსთან ინტენსიურად ითანამშრომლა და საგადასახადო კანონმდებლობის დახვეწის მიმართულებით საკუთარი კომენტარები და წინადადებები წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ ამავე თემაზე ფინანსთა მინისტრმა პირველი საჯარო შეხვედრა 1 ივნისს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა.
როგორც დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, ბიზნესმენების შემდეგ კახა ბაინდურაშვილი მცირე მეწარმეებსა და გარე მოვაჭრეებსაც შეხვდება.
როგორც ცნობილია, ახალი საგადასახადო კოდექსი იურიდიულ სახეს საჯარო განხილვებისა და კონსულტაციების დასრულების შემდეგ მიიღებს და განსახილველად უკვე საქართველოს პარლამენტში შევა.