საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრებმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და გენერალური სპონსორის კომპანია "სილქნეტის“ მხარდაჭერით, 2016-2017 წლის ზამთრის სეზონი ავსტრიაში ვარჯიშით გახსნეს.
ამჟამად საქართველოს სამთო-სათხილამურო ნაკრები ავსტრიაში იმყოფება. ქართველი მოთხილამურეები ჰინტერტუქსის მყინვარზე ვარჯიშობენ. მათ რამდენიმე დღის წინ ახალი ინვენტარი (თხილამურები და სათხილამურო ჩექმები) მიიღეს. ჩვენი სპორტსმენები ემზადებიან 2017 წლის სანტ-მორიცის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც თებერვალში გაიმართება. მანამდე კი fis-ის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებში, მსოფლიო თასისა და საქართველოს თასის რამდენიმე ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას.
გუშინ საქართველოს სამთო-მოთხილამურეებს საქართველოს სათხილამურო ფედერაციიდან დელეგაცია ეწვია. ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა - გიორგი რამიშვილმა, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა - ზურაბ კოსტავამ და ვეტერანმა სპორტსმენმა - გიორგი გურაბანიძემ ჩვენს მოთხილამურეებთან ერთად ისრიალეს.
სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები სეზონის გახსნის ვარჯიშს დაესწრნენ და სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებები უსურვეს.
სახელმწიფოსთან ერთად მოთხილამურეების წარმატებისათვის, ბოლო 8 წლის განმავლობაში უანგაროდ ზრუნავს კერძო კომპანია „სილქნეტი“, რისთვისაც მას დიდი მადლობა ეკუთვნის.
საქართველოს სათხილამურო ფედერაცია მზად არის ითანამშრომლოს ყველა ორგანიზაციასთან, რათა ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაში სამთო სათხილამურო სპორტის განვითარებისათვის.