დანიის დელეგაცია 11 კაციანი შემადგენლობით წეროვანს სტუმრობს. თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის დანიურმა არასამთავრობო ორგანიზაცია - "სილბა-მ" დღეს წეროვანში მცხოვრები დევნილები მოინახულა, წეროვანის დევნილთა ჩასახლება დაათვალიერა და შემდეგ საოკუპაციო საზღვართან - ერგნეთში გაემგზავა, სადაც ადგილობრივებს შეხვდებიან.
დელეგაციის წევრებს წეროვანში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა უმასპინძლა. მინისტრი სტუმრებს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე, დევნილთა განსახლებასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
დანიელები საქართველოში დემოკრატიის ხარისხით, საარჩევნო გარემოთი, დევნილთა მდგომარებოთა და ახალი ჩასახლებებით დაინტერესდნენ. მათი თქმით, ვიზიტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დანია საქართველოს პარტნიორია და პარტნიორობა უნდა გაგრძელდეს.
ლესი Lსტენტოფტი,Dდელეგაციის ხელმძღვანელი: "რუსეთ-საქართველოს აგვისტოს კონფლიქტს და კონფლიქტის შედეგებს თვალს დანიიდან ვადევნებდი. ძალიან სასიამოვნოა, რომ აქ ვართ და საკუთარი თვალით ვხედავთ, რა კეთდება დევნილი მოსახლეობისთვის. როცა დანიაში დავბრუნდებით, ყველას გავაგებინებთ, რომ დევნილებისთვის მართლა ბევრი რამ გაკეთდა და ისინი ღირსეულად ცხოვრობენ."
კობა სუბელიანმა სტუმრებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობა გაგრძელდება: "დანიის დელეგაცია წეროვანის გარდა დევნილთა სხვა ჩასახლებებსაც მოინახულებს. ისინი თავად ეცნობიან ომის შედეგებს და შემდეგ მიღებულ ინფორმაციებს თავიანთ მოქალაქეებს გადასცემენ. მათ კარგად იციან, რა მოხდა საქართველოში, რა გადავიტანეთ, როგორ შევძელით დევნილთა დაკმაყოფილება და კიდევ რის გაკეთებას ვაპირებთ, რაშიც ისინიც უნდა დაგვეხმარონ."
დელეგაცია დღეს გორშიც გაემგზავრება, სადაც სტალინის სახლ-მუზეუმს დაათვალიერებს. დღის ბოლოს კი თბილისს დატოვებს და დანიაში დაბრუნდება.