ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 1 ივნისს, მცხეთის რაიონულმა პროკურატურამ საგურამოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელები თბილისში დაპატიჟა. პროკურატურის ინიციატივით, 40-მდე მზრუნველობამოკლებულ ბავშვს საშუალება მიეცა, კინოთეატრ `საქართველოში~ ანიმაციური ფილმის სეანსს დასწრებოდნენ. ფილმი, რომლის ნახვასაც ისურვებდნენ, პატარებმა თავად შეარჩიეს. კინოთეატრი სტუმრებს უფასო კოკა-კოლითა და პოპკორნით გაუმასპინძლდა.
მცხეთის რაიონის პროკურორის ნიკა დგებუაძის განცხადებით, `მნიშვნელოვანია, რომ მზრუნველობამოკლებულმა ბავშვებმა თავი მარტო არ იგრძნონ და ისინი მუდამ დაცულები იყვნენ, ამიტომაც გადავწყვიტეთ 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის სერთაშორისო დღეს მათთან ერთად ვყოფილიყავით. საქართველოს პროკურატურა დიდი ხანია მთელი ქვეყნის მასშტაბით მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებთან მეგობრობს და მათთვის საქვემოქმედო აქციებს მართავს.~
დღევანდელი ღონისძიებაც პროექტ `საზოგადოებრივი პროკურატურის~ ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს პროკურატურის მჭიდრო თანამშრომლობას ბავშვებთან და მოზარდებთან, უზრუნველყოს პროკურატურის, როგორც დანაშაულის აღკვეთისა და პრევენციის განმახორციელებელი სამართალდამცავი ორგანოს მუშაობის ეფექტურობა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.
საქართველოს პროკურატურის სისტემაში პროექტი `საზოგადოებრივი პროკურატურა~ 2006 წლიდან ხორციელდება. მხოლოდ მიმდინარე წელს საქართველოს პროკურატურამ პროექტის ფარგლებში 25-ზე მეტი საქველმოქმედო აქცია და ღონისძიება განახორციელა.