დღეს, 1-ელ ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი პარლამენტის შენობის წინ მართავს თეატრალიზებულ აქციას, რომლის მონაწილე ბაღის ასაკის ბავშვები მოთავსდებიან სიმბოლურ ხის გალიაში, იმის ნიშნად, რომ დღესდღეობით ბაღს აღმზრდელობითი კი არა, გალიის ფუნქცია აქვს მინიჭებული. ამის შესახებ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, ბავშვები და აღმზრდელები შეიმოსებიან თეთრი მაისურებით, რომელზედაც მათი სურვილები იქნება დაწერილი.
"ამ აქციით სპმთპ-ს სურს, სახელმწიფოსა და საზოგადოებას შეახსენოს, რომ ბაღი საგანმანათლებლო დაწესებულებაა და არა "დროებითი შენახვის საკანი". ჯგუფში, სადაც 35-45 ბავშვია, აღმზრდელსა და ძიძას ფიზიკურად არ აქვთ საშუალება, ბავშვებს სათანადო ყურადღებით მოეპყრან, რის გამოც ირღვევა ბავშვის ფუნდამენტური განათლების უფლება. ხოლო აღმზრდელებს მიზერული საზღაურის ფასად უდიდესი სტრესის ქვეშ უხდებათ მუშაობა.
45 ბავშვთან ერთდროულად მუშაობა ყოველგვარ ადამიანურ ძალებს აღემატება. თუ აღმზრდელებს დაუბრუნდებათ პედაგოგის სტატუსი, ექნებათ შრომის ღირსეული ანაზღაურება და იმუშავებენ მცირერიცხოვან ჯგუფებთან, ისინი იქნებიან კმაყოფილნი, რაც მათ საგაკვეთილო საათებზედაც აისახება, ბავშვიც ბედნიერი იქნება და შესაბამისად მშობელიც", _ აცხადებს სპმთპ-ის პრეზიდენტი მანანა ღურჭუმალიძე.