ხვალ, 1 ივნისსს, 19:00 საათზე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კათალიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II, აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და ოკუპირებული ზონის (გალის რაიონი) მოსწავლეებს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში უმასპინძლებს.
ახალგაზრდულ ცენტრში აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა ალმანახის "მე და მშვიდობა" პრეზენტაცია გაიმართება , რომელიც ფონდის „მშვიდობა და ჰარმონია" პროექტის "მე და მშვიდობა არა-ძალადობას" ფარგლებში ხორციელდება.
პრეზენტაციაზე აფხაზეთის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა და მშვიდობის თემაზე შექმნილი საუკეთესო თხზულებები იქნება წარმოდგენილი, ხოლო აფხაზეთის #2 ხელოვნების სკოლის მოსწავლეები საგალობლებს შეასრულებენ.
სტუმრებს ალმანახი "მე და მშვიდობა" გადაეცემათ, სადაც 60-მდე აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედი ბავშვის ნაწარმოებია გამოქვეყნებული. ალმანახი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II მხარდაჭერით გამოქვეყნდა .