ოფიციალური თბილისი, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან დაკავშირებით, მოსკოვს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
"რუსეთის მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, იმის თაობაზე, თითქოს ლარსის საკითხზე მოსკოვსა და თბილისს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეს დეზინფორმაციაა. რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებებს ადგილი არ აქვს", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ, დღეს გამართულ, კვირის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ქართული მხარე "ნებისმიერ დათმობაზეა წამსვლელი", თუმცა მხოლოდ იმ პირობების შესრულების შემდეგ, რომელსაც ლარსის პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით თბილისი მოსკოვს უყენებს.
ამასთან, კალანდაძის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები ამჯერად რუსეთთან კი არა სომხეთთან მიმდინარეობს.
"ჩვენ სომხეთთან შევთანხმდით, რომ ლარსის საკითხზე ტექნიკურ მოლაპარაკებებს დავიწყებდით და დავიწყეთ კიდეც იმის მიუხედავად, რომ რუსეთი გარკვეულ პრობლემებს ქმნის", - განმარტა მინისტრის მოადგილემ.