1-ელი ნოემბრიდან მიმოქცევაში, ახალი მოდიფიკაციის, 100 ლარის ნომინალების ბანკნოტები გამოჩნდება. როგორც სებ-ის საბჭოს №6 დადგენილებაშია აღნიშნული, ახალი მოდიფიკაციის 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად განხორციელდება.
მიმოქცევის დანიშნულების ახალი მოდიფიკაციის 100 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინი და სხვა მახასიათებლები
- ბანკნოტის ზომა: 70 მმ X 142 მმ.
- ბანკნოტის დიზაინის აღწერა:
ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის პორტრეტი წარწერით „შოთა რუსთაველი XII ს.“, ილუსტრაცია „ვეფხისტყაოსნიდან“, პირველნაბეჭდი ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი გვერდი, XVII საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის გვერდზე გამოსახული ორნამენტი და ბიბლიური სიუჟეტის VII საუკუნის ბარელიეფი „დანიელი ლომთა ხაროში“ მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრიდან.
ბანკნოტის წინა მხარეს ასევე გამოსახულია:
ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები;
წარწერები – „საქართველოს ეროვნული ბანკი“, „NATIONAL BANK OF GEORGIA“, „ასი ლარი“, „ONE HUNDRED LARI“, „ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“;
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა;
გამოშვების წელი - „2016“;
სერიული ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოსგან და რვა არაბული ციფრისაგან.
ბანკნოტის უკანა მხარეს გამოსახულია თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, ნაწყვეტი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის პარტიტურიდან და საქართველოს სახელმწიფო გერბი.
ბანკნოტის უკანა მხარეს ასევე გამოსახულია:
ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები;
წარწერები - „საქართველოს ეროვნული ბანკი“, „NATIONAL BANK OF GEORGIA“, „ასი ლარი“
- ბანკნოტის დამცავი ნიშნები:
- წყლისნიშანი - გამჭოლ შუქზე გახედვისას ჩანს პორტრეტის, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრისა და ლარის სიმბოლოს გამოსახულებები.
- ვერტიკალური დამცავი ძაფი - დამცავი ძაფი წარწერით „100 ლარი“, წყვეტილი სახით ხილულია ბანკნოტის უკანა მხარეს. გამჭოლ შუქზე გახედვისას მთლიანდება და სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს ლურჯიდან წითელში.
- რელიეფური ნაბეჭდი - ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულ გრაფიკულ დეტალებზე: პორტრეტი, ილუსტრაცია ვეფხისტყაოსნიდან, კიდის ორნამენტები და შესრულებული წარწერები (გარდა ხელმომწერი პირის დასახელების, ხელმოწერისა და გამოშვების წლისა) დატანილი საღებავის ფენა რელიეფურია და შეიგრძნობა შეხებით.
- ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის - ბანკნოტის წინა მხარეს, მარცხენა და მარჯვენა კიდეზე დატანილი 5 მოკლე ჰორიზონტალური ხაზი რელიეფურია, შეიგრძნობა შეხებისას და იძლევა ბანკნოტის ნომინალის აღქმის შესაძლებლობას.
- ჰოლოგრამა - ორფეროვან ჰოლოგრამაზე დატანილი გამოსახულებები (პორტრეტი, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი, ლარის სიმბოლო, ყვავილები, რუკა, მიკროსტრიქონები) სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს და გააჩნია ცვალებადი ეფექტი
- დამცავი ბოჭკოები - ქაღალდში სხვადასხვა სიღრმეზე ჩატანებულია წითელი ფერის ბოჭკოები.
- ფარული გამოსახულება - დახრილი კუთხით გახედვისას ბანკნოტზე გამოისახება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი.
- თანმხვედრი გამოსახულება - ბანკნოტის წინა და უკანა მხარეს წარმოდგენილი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის დანაწევრებული დეტალები ერთიანდება გამჭოლ შუქზე გახედვისას.
- ოპტიკურად ცვალებადი მაგნიტური საღებავი - სხვადასხვა კუთხით დახრისას გამოსახულება იცვლის ფერს მეწამულიდან მწვანეში და აქვს მოძრავი ზოლის ეფექტი.
- ირისისებური ზოლი - ბანკნოტის ზედაპირზე დატანილია ორფეროვანი, გამჭვირვალე საღებავით შესრულებული გრძივი დეკორი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრით.
- მიკროსტრიქონი - გამადიდებელი ხელსაწყოს საშუალებით იკითხება წარწერები:
11ა) „საქართველოს ეროვნული ბანკი“, „NATIONAL BANK OF GEORGIA“;
11ბ) „შოთა რუსთაველი“;
11გ) ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები;
„GEORGIA“, „საქართველო“ – თანმხვედრ გამოსახულებაში;
„ლარი“, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, „შოთა რუსთაველი XIIს“, „საქართველო“ – ჰოლოგრამაში.
- ფლუორესცენციური ბოჭკოები - ულტრაიისფერი სხივის ქვეშ ბანკნოტზე ჩნდება ლურჯი და ყვითელი ფერის ბოჭკოები
- ფოსფორესცენციური კვადრატი - ულტრაიისფერი სხივის ქვეშ გამოისახება კვადრატი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრით.
- ფლუორესცენციური ნომინალი - ულტრაიისფერი სხივის ქვეშ ნათდება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი.
- ფლუორესცენციური სერიული ნომერი - ულტრაიისფერი სხივის ქვეშ ნათდება ჰორიზონტალური სერიული ნომერი.
- ინფრაწითელი დაცვა - ინფრაწითელი სხივების ქვეშ ჩანს ბანკნოტზე გამოსახული გრაფიკული დეტალების ნაწილი.
- მაგნიტური დაცვა - ვერტიკალური სერიული ნომერი და ბანკნოტზე გამოსახული გრაფიკული დეტალის ნაწილი შესრულებულია მაგნიტური საღებავით და მაგნიტური დეტექტორის შეხებისას იძლევა სიგნალს.