სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით, 14-16 სექტემბერს, საქართველოში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის საავიაციო უშიშროების სემინარი გაიმართება. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უმასპინძლებს.
სემინარი მიზნად ისახავს, რეგიონის წევრი სახელმწიფოებისათვის საავიაციო უშიშროების კუთხით შემუშავებული ICAO-ს ახალი სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის გაცნობას. სამ დღიანი სწავლების ფარგლებში, საავიაციო ხელისუფლებებისა და ავიაინდუსტრიის წარმომადგენლები იმსჯელებენ სამოქალაქო ავიაციის წინაშე მდგარი ისეთი თანამედროვე რისკების გამკლავებისა და პრევენციის გზებზე როგორიცაა კიბერ საფრთხე, ფრენები კონფლიქტური ზონების საჰაერო სივრცის თავზე, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა არაკონტროლირებად ტერიტორიებზე, ტერორიზმი, საჰაერო ხომალდების დაცვა პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემების (MANPADS) საშუალებით თავდასხმისგან, მგზავრის ქცევის „ამოცნობა“ და ა.შ. მონაწილეები გაეცნობიან აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზომების გაუმჯობესების, რისკების შეფასების, მგზავრებზე ინფორმაციის წინასწარ მოპოვებისა (API) და არაპროგნოზირებადი შემოწმებების სისტემების დანერგვის კუთხით და სხვ.
რეგიონალურ სემინარს ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონალური ბიუროს საავიაციო უშიშროების ოფიცერი წარუძღვება და მასში მონაწილეობას ორმოცდაათამდე დელეგატი მიიღებს. ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში 2015 წლის დეკემბერს ჩატარებული ICAO-ს აუდიტის შედეგებზე ისაუბრებენ როგორც მასპინძელი და უცხოური მხარის წარმომადგენლები.
ცნობისათვის, ICAO-ს 2015 წლის აუდიტის ოფიციალური დასკვნის თანახმად, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის თვალსაზრისით საქართველოს საერთო მაჩვენებელმა 87.8% შეადგინა. 2008 წელს ქვეყნის აღნიშნული მაჩვენებელი 58% იყო. მიღებული შედეგებით საქართველო ევროპის მოწინავე ქვეყნების მაჩვენებლებს გაუტოლდა. აუდიტს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2015 წლის 7-15 დეკემბერს უმასპინძლა. შემოწმდა როგორ ხორციელდება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი საავიაციო ხელისუფლების მიერ, რამდენად შესაბამისობაშია საავიაციო უშიშროების მარეგულირებელი კანონმდებლობა და თანმდევი პროცედურები ICAO-ს სტანდარტებთან, აგრეთვე როგორ ხორციელდება აღნიშნული საკანონმდებლო ჩარჩოს აღსრულება. სააგენტოს გარდა, აუდიტორებმა მათი კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმეს ავიასაწარმოების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს საქმიანობა.