აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე კახეთში ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენციას ესწრება, რომელიც საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ტარდება. მამუკა ბერძენიშვილი კონფერენციის ფარგლებში ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდებს, ღვინის ტურიზმის მიმართულებით საქართველოში წარმატებულ კომპანიების გამოცდილებასა და მიღწევებს აჭარაში მოქმედ მეღვინეებთან ერთად გაეცნო. კონფერენციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია დისკუსიები ღვინის ტურიზმის თანამედროვე გამოწვევების შესახებ და პრეზენტაციები ღვინის ტურიზმში ტურისტული პროდუქტის განვითარების შესახებ.
ღვინის ტურიზმი აჭარაში ბოლო წლებია ვითარდება. ამ მხრივ რეგიონში პოპულარული რეგიონია ქედა, რომელიც ვაზის უნიკალური ჯიშებით ჩხავერითა და ცოლიკაურითაა ცნობილი. ქედის ღვინის ტურში, რომელიც აჭარის ტურიზის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ შეიმუშავა მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტებისთვის საინტერესო ღვინის მარნებია შეყვანილი. აჭარაში არსებული ღვინის მარნების წარმომადგენლები საერთაშორისო გამოცდილების მიღების მიზნით ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენციას ტურისტული სააგენტოს ორგანიზებით ესწრებიან.
ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია წელს პირველად და ისიც საქართველოში იმართება. ღონისძიებები თბილისში, ყვარელსა და „შატო მუხრანში“ ტარდება. ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვიდა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი. ღონისძიებაში მონაწილეობას მაღალი რანგის სტუმრები 42 ქვეყნიდან (250 დელეგატი, 50 % უცხოელი სტუმარი) ღებულობს. ღონისძიებაზე 150-ზე მეტი ორგანიზაციაა წარმოდგენილი. ის 7 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდება.