თბილისის მერობის კანდიდატები ერთმანეთს ბოულინგში შეეჯიბრებიან.
შესაბამისი ტურნირი "რადიოქალაქის" ორგანიზებით დღეს, "ბოულინგ ცენტრალში" ჩატარდება. მასში შემდეგ ნომინაციებში: "ყველაზე სწრაფი", "ყველაზე მოხერხებული", "ყველაზე მოქნილი", "ყველაზე მონდომებული" და "ყველაზე იღბლიანი" მერობის კანდიდატები გამოვლინდებიან.
გამარჯვებული მთავარ პრიზად ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ტურისტულ საგზურს მიიღებს, რომელიც ტურისტულმა კომპანია "ელიტ ტურმა" დააწესა.
პრიზები დააწესეს აგრეთვე ესტეტიკური მედიცინის ცენტრმა "ესტეტიკ სერვისმა", სუპერმარკეტების ქსელმა "პოპულიმ", "ბაგრატიონი 1882"-მა, "ჩაი მანიამ", სტომატოლოგიურმა კლინიკამ "ეფლდენტმა", "ფლაუერს ჯიმ" და მხატვარ დიზაინერმა ეკატერინე აბესაძემ.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორი, "რადიოქალაქის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი მარიკა ბოჭორიძე აცხადებს, ტურნირი პროექტის "აიღე წუთშესვენება არჩევნებამდე!" ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია იმ ადამიანების წარმოჩენა, რომლებიც გეგმავენ და უძღვებიან მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიას და ზრუნავენ მათ იმიჯზე.
"ამ ადამიანებს საზოგადოება ნაკლებად იცნობს, ისინი ყოველთვის ჩრდილში არიან, თუმცა ხშირ შემთხვევაში კანდიდატები საზოგადოებისათვის მისაღებ და პოპულარულ გადაწყვეტილებებს სწორედ მათი რჩევებით იღებენ", -აღნიშვავს ორგანიზატორი.
აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალში" მდებარე "ბოულინგ ცენტრალი" ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა, თუმცა "რადიოქალაქს" მერობის კანდიდატთა შეჯიბრის ჩატარების უფლება სპეციალურად ამ ტურნირისთვის ცენტრალის ხელმძღვანელმა მაკო ჯაოშვილმა ექსკლუზიურად მისცა.