თბილისის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ დღეს დილით სასმელი წყლის სატუბი "ბაგები" დაათვალიერა. ეს სადგური წყლით ამარაგებს ბაგებს, წყნეთს, კიკეთს, კოჯორს, ტაბახმელას, წავკისსა და შინდისს თუმცა, როგორც აღინიშნა, წყლით მომარაგება კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება თბილისისა და მისი ახლადშემოერთებული ტერიტორიების მოსახლეობისათვის.
სასმელი წყლის სატუმბი სადგური "ბაგები" რამდენიმე ათეული წლის წინ დამონტაჟებული აპარატურითაა აღჭურვილი. ამჯერად მისი სიმძლავრე უწყვეტი წყალმომარაგების საშუალებას არ იძლევა.
მერობის კანდიდატის თქმით, ქალაქში წყლის მიწოდება ბოლო პერიოდში გაუმჯობესდა, თუმცა უწყვეტი წყალმომარაგებისათვის კიდევ ბევრი ღონისძიებაა გასატარებელი.
"მე მინდა ვთქვა, რომ მე არც ერთ პრობლემას არ გავურბივარ, მე ვიცი კიდევ უფრო მეტი ადგილები სადაც სამწუხაროდ გაუმჯობესების კვალი ჯერ არ დატყობია თბილისს და სწორედ ეს არის რასაც ვამბობ, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია", _ აცხადებს გიგი უგულავა.
სადგურ "ბაგებში" უახლოეს პერიოდში დაიწყება და 2011 წლისათვის დასრულდება რამდენიმე სარეაბილიტაციო სამუშაო რაც შემოერთებული ტერიტორიებისთვის წყლის სტაბილურ მოწოდებას უზრუნველყოფს. 2012 წელს კი მთელი თბილისის მასშტაბით მოიხსნება გრაფიკი და წყალი მოსახლეობას უწყვეტად მიეწოდება.