საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ვერასდროს გაექცევა იმ უსამართლობას, რაც ჩაიდინა მისი მეზობელი ერის წინააღმდეგ. გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდში, ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან ასევე განაცხადა, რომ რუსეთს მუდმივად ექნება გასაცემი პასუხი იმაზე, რანაირად გადადგა ასეთი სისხლიანი ნაბიჯი.
”ჩვენ აქ ყოველ წელს მოვდივართ, რომ პატივი მივაგოთ გმირებს, ვინც სიცოცხლის ფასად დაიცვა ჩევნი ქვეყანა როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად, იმიტომ, რომ მათი გმირობა ჩვენ დღესაც წელში გვმართავს და მომავლის იმედს გვაძლევს. ერთი არის რეალობა, რუსეთი ვერასდროს გაექცევა იმ უსამართლობას, რაც მისი მეზობელი ერის წინააღმდეგ ჩაიდინა. ეს შავი ლაქა - ჯერ ოკუპაცია და შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე თითქოსდა დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება იქნება ის პრობლემა, რომელიც რუსეთს მუდმივად წინ დაუდგება. ჩვენ ნამდვილად დავიბრუნებთ და არა ომით, არამედ შერიგებით გავამთლიანებთ საქართველოს, მაგრამ რუსეთს მუდმივად ექნება პასუხი გასაცემი იმაზე, რანაირად გადადგა ასეთი სისხლიანი ნაბიჯი თავისი მეზობელი მცირე ერის წინააღმდეგ. რანაირად შეიძლება ბირთვულმა სახელმწიფომ აიღოს და თავის მეზობელ ერს ასეთი ტკივილი და ტრაგედია მიაყენოს და ამის მერე შექმნას და ვითომ აღიაროს რაღაც სახელმწიფოები. ჩვენ ნამდვილად დავიბრუნებთ საქართველოს მთლიანობას”, - განაცხადა პრეზიდენტმა.