პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის შედეგად, უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მთავრობის წევრებთან ერთად მიაგო, პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად რამდენიმედღიანი ომისა, ქვეყანამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო.
,,ქედს ვიხრი ყველა იმ გმირი ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე, რომელიც შეეწირა სამშობლოსთვის უსასტიკეს, არათანაბარ ბრძოლას. ამ ომის შემდეგ რუსეთის ოკუპაციის შედეგად საქართველოში ჩვენივე მოქალაქეები გახდნენ დევნილები. ამ ომის შედეგად ჩვენ კიდევ უფრო დავშორდით აფხაზებს და ოსებს“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, თანმიმდევრული პოლიტიკის გარდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემორიგების პროცესს, რომელსაც, სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს.
„ჩვენ ყველასთვის მიმზიდველი და საინტერესო უნდა გავხადოთ ჩვენი ქვეყანა. ასევე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის შედეგად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში ეს მოვლენები აღარ განმეორდეს. ქედს ვიხრი ყველა ადამიანის ხსოვნის წინაშე, მათ შორის როგორც ჯარისკაცების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის, რომლებიც ამ უთანასწორო ბრძოლაში შეეწირნენ რუსეთის ოკუპაციას“, - აღნიშნა პრემიერმა.