პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საიდუმლო სამხედრო ბაზაზე ყოფნას უარყოფს. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის დახმარებით "ჩვეულებრივ ბაზაზე" იმყოფებოდა. წითელაშვილი აღნიშნავს, რომ მას ობიექტზე შესვლაში სოსო ხორბალაძე დაეხმარა. მისივე მტკიცებით, ბაზაზე ფოტო-ვიდეო არ გადაუღია.
"ეს არის ჩვეულებრივი ობიექტი. არ არის სამხედრო გასაიდუმლოებული ბაზა. ეს არის ობიექტი, სადაც მუშაობდნენ სხვადასხვა ტენდერში გამარჯვებული კომპანიები. მინდია ჯანელიძესთან გენინსპექციის მეშვეობით მქონდა კომუნიკაცია. ვაწვდიდი ინფორმაციას, ვაძლევდი დოკუმენტებს და გენინსპექციის ხელმძღვანელობა ამის შესახებ ახსენებდა თავდაცვის მინისტრს. იმ ობიექტზე, სადაც ვიყავი, ნებართვა არ მჭირდებოდა. გვქონდა სიტყვიერი შეთანხმება, რომ შეგვემოწმებინა გადამალული ტექნიკა, რომელიც მოპარული ჰქონდა გენერალ კალანდაძეს", - ამბობს წითელაშვილი.
,,რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ტრისტან წითელაშვილი ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს. პოლკოვნიკის იურისტებმა უკვე დაიწყეს მუშაობა სარჩელზე.
გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ გიგი კალანდაძის მტკიცებით, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.
,,პოსტსკრიპტუმთან” ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა, რომელმაც საიდუმლო ბაზაზე შესვლა სამსახურეობრივი საშვით შეძლო.
,,პოსტსკრიპტუმის” ინფორმაციით, საიდუმლო ობიექტები წითელაშვილმა ფირზე გადაიღო. გადაღების დროს წითელაშვილს ხელი სამხედროებმა შეუშალეს, თუმცა უშედეგოდ. სამხედროებმა კალანდაძის ინფორმაცით, მიაწოდეს ინფორმაცია ზემდგომებს, თუმცა მინისტრმა საბოლოოდ აღნიშნულის გამოძიება არ დაიწყო, რის გამოც კალანდაძე ჯანელიძეს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს.
წითელაშვილი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დააკავეს და სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. 2013 წლის იანვარში, ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ მან ციხე დატოვა.