თურქი პოლიტოლოგი მიტატ ჩელიკპალა აცხადებს, რომ თურქეთმა სომხურ-თურქული ოქმების რატიფიცირება უახლოეს მომავალში არ უნდა მოახდინოს. ასეთ შემთხვევაში, ჩელიკპალას განცხადებით, თურქეთი აზერბაიჯანსაც დაკარგავს და რეგიონალური ლიდერობისკენი მიმართულ პოლიტიკასაც ჩაშლის. ამის შესახებ პოლიტოლოგმა თურქულ ტელეარხ "კანალ ა"-ზე გამოსვლისას განაცხადა.
"თურქეთი მიისწრაფის, გააძლიეროს თავის როლი რეგიონში - დაწყებული ბალკანეთიდან, დამთავრებული კავკასიითა და ახლო აღმოსავლეთით. სომხეთთან საზღვრის გახსნით კი ბოსნიელები, სერბები, არაბები, თურქმენები, ქურთები, ქართველები და ამ რეგიონის სხვა ხალხები თურქეთს ეჭვის თვალით დაუწყებენ ყურებას: ისინი მიიჩნევენ, რომ თუკი თურქეთი თავის სისხლისმიერ ძმებს, აზერბაიჯანელებს, ასე მოექცა, ამ ქვეყნისგან სიკეთეს აღარავინ უნდა ელოდოს", _ აცხადებს პოლიტოლოგი.
მისი განცხადებით, თურქეთს თუ მართლა სურს თავისი პოლიტიკის რეალიზება, ყარაბახის პროცესში გარღვევას უნდა მიაღწიოს და დიდ ქვეყნებს ისეთი პირობები უნდა წაუყენოს, რომ სომხეთთან საზღვრის გახსნა აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სომხური საოკუპაციო ჯარების გასვლის პარალელურად მოხდეს.