დღეს, 27 მაისს, ახმეტის განახლებულ სოციალური მომსახურების ცენტრს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი ეწვევა, რომელიც მიზნობრივი სოციალური დახმარების განვითარების ახალი მოდელის შესახებ განცხადებას გააკეთებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული მოდელის საფუძველზე სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდიკა შეიცვალა და ოჯახის კეთილდღეობის შეფასების მეთოდოლოგიასა და ადმინისტრირების სქემაში ცვლილებები შევიდა.
მთავრობის დადგენილების საფუძველზე 1 ივნისიდან სოციალური აგენტები ოჯახებში ვიზიტებს დეკლარაციის ახალი ფორმით განახორციელებენ და სოციალურად დაუცველი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება 9 ბალიანი შკალის მიხედვით მოხდება.
დეკლარაციის ახალი ფორმების საფუძველზე, ოჯახის სარეიტინგო ქულის მინიჭების პროცესში აღარ განიხილება შემდეგი სახის კრიტერიუმები, როგორიცაა ტელევიზორი, მობილური ტელეფონი, საბჭოთა წარმოების მაცივარი, საბჭოთა წარმოების სარეცხი მანქანა. ასევე, ოჯახის ქონებრივ მდგომარეობაში იურიდიული პირ(ებ)ის მიერ ამ ოჯახისათვის დახმარების სახით გადაცემული ნივთები გათვალისწინებული არ იქნება.
ყურადღება მიექცევა ოჯახში არსებულ ფუფუნების საგნებს - პლაზმურ-ეკრანიან ტელევიზორს, მუსიკალურ სისტემას, სატელიტურ ანტენას, პერსონალურ კომპიუტერს, გათბობის ინდივიდუალურ სისტემას და ოჯახის დეკლარაციის ფორმას დაემატება ძირითადი საცხოვრებლის გარდა სხვა ბინის, სახლის, აგარაკის, ავტოფარეხის, კომერციული ფართის, სამეურნეო ნაგებობების მფლობელობა, თუკი ასეთი რამ ოჯახს ან მის რომელიმე წევრს გააჩნია.
ახალი მოდელი ასევე გულისხმობს სოციალურად დაუცველ ოჯახებში, რომლებიც იღებენ ფულად სოციალურ დახმარებას-საარსებო შემწეობას ახალშობილის დაბადებისთანავე თანხის ავტომატურ გადაანგარიშებას (დამატებას). ასევე, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების ახალ მოდელში გათვალისწინებულია ინფორმაციის ასახვა ოჯახის იმ წევრებზე, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ ოპერაციას ან პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას.
ამასთან, ქულის დათვლის პროცედურა დროში შემცირდება.