ერევანში პოლიციის იმ განყოფილებასთან, სადაც შეიარაღებულ პირებს მძევლები ჰყავთ აყვანილი, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ვითარება მაშინ დაიძაბა, როდესაც აქციის მონაწილეებმა, რომლებიც თავდამსხმელების მხარდამჭერები არიან, პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისმოდა სროლის ხმაც.
დაკავებულია ათობით ადამიანი. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. მომხდარი არეულობის შედეგად 45 ადამიანი დაშავდა. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულთა შორის 25 სამართალდამცველია.
თავდასხმა ერევნის ერებუნის რაიონში მდებარე პოლიციის განყოფილებაზე 17 ივლისს განხორციელდა. შედეგად დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, ოთხი კი დაშავდა. თავდამსხმელებმა მძევლები აიყვანეს, რომელთაგან ხუთი მომდევნო დღეებში გაუშვეს. ამჟამად მძევლად კიდევ რამდენიმე ადამიანი რჩება, მათ შორის პოლიციის მაღალჩინოსნები.