დღეს, 27 მაისს, 13:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროში სტუდენტური კონკურსის მონაწილეებისთვის ღია კარის დღე გაიმართება. მომავალ იურისტებს, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, ჩაერთონ იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლის პროექტში, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი შეხვდება.
კონკურსი გამოცხადებულია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, მათ საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ზაფხულში, ბათუმში საზაფხულო სკოლაში. 70-მდე განაცხადი უკვე შემოსულია, კონკურსში მონაწილეებს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი იმ საკითხების მნიშვნელობაზე ესაუბრება, რომლებსაც საზაფხულო სკოლის პროექტის ფარგლებში განიხილავენ.
საზაფხულო სკოლა ქ. ბათუმში 2010 წლის 2 აგვისტოს გაიხსნება და 14 აგვისტომდე გასტანს. მსმენელებს ლექციებს ქართველი და უცხოელი სპეციალისტები წაუკითხავენ. სწავლებისას განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა ძალის გამოყენების აკრძალვა საერთაშორისო საჯარო სამართალში; საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი; საერთაშორისო სისხლის სამართალი; იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ სამართალი/ლტოლვილთა სამართალი.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაცია 5 ივნისამდე გრძელდება.
მისამართი: გორგასლის #24 (ორთაჭალა, პროკურატურის შენობა)