სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში პრობაციის ეროვნული სამსახურის ოფიცრებისა და სტაჟიორებისთვის მიმდინარე ტრენინგს დაესწრო.
პირველი ჯგუფის 26 მონაწილეს 7 დღის განმავლობაში ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სფეროს საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა, ნორმატიული ბაზა და პრაქტიკული ასპექტები გააცნეს.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები ტესტირებას გაივლიან და წარმატებულ ოფიცრებს სერთიფიკატები გადაეცემათ.
~პრობაციის სისტემის რეფორმის ფარგლებში კადრების პროფესიული განვითარება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. გადამზადებული ოფიცრები თითოეულ პრობაციონერთან სოციალურ საკითხებზე და ინდივიდუალურ სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებულნი. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სისტემის რეფორმის პირველი ეტაპი, რომელიც პრობაციის ბიუროების თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვას, ასევე მუშაობის "ერთი ფანჯრის პრინციპზე" გადასვლას ითვალისწინებდა, წარმატებით დასრულდა. რეფორმის მეორე ეტაპის მთავარი მიზანი კადრების მომზადებაა, რათა სათანადოდ მომზადებული ოფიცრები პირობით მსჯავრდებულებს რეინტეგრაციასა და რესოციალიზაციაში დაეხმარონ. ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებშია ორგანიზებული და ის ავსტრიულმა კომპანიამ "Human Dynamics " განახორციელა~, - აცხადებენ სამინისტროში.