თურქეთის სამხრეთში მდებარე ავიაბაზა ინჯირლიკის ხელმძღვანელი, გენერალი ბეკირ ერჯან ვანი დაკავებულია. მიზეზად თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მისი მონაწილეობა სახელდება.
თურქეთის ინჯირლიკის ავიაბაზა, რომელსაც აშშ და საერთაშორისო კოალიცია მეზობელ სირიაში ექტრემისტების წინააღმდეგ ავიადარტყმებისთვის იყენებს, ბლოკირებულია. ბაზიდან საბრძოლო ფრენა დროებით შეჩერებულია. დახურულია საჰაერო სივრცე. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ბაზაზე ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ.
აშშ-ის არმიის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზები უცნობია. ვაშინგტონი ანკარასგან ავიაბაზის ბლოკირების შესახებ განმარტებას ელის. მანამდე კი, თურქეთში მდებარე აშშ-ის საკონსულო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ინჯირლიკის ავიაბაზასთან მიახლოებისგან თავი შეიკავონ.