აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობასთან ვაშინგტონის კავშირს უარყოფს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, ამის შესახებ ჯონ კერიმ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
ჯონ კერის თქმით, ანკარას საჯარო განცხადებები ამასთან დაკავშირებით ნატო-ს ორი მოკავშირე ქვეყნის ურთიერთობებს აზარალებს. სახელმწიფო მდივანმა ვაშინტონის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს აბსოლუტური სიცრუე უწოდა.
"სახელმწიფო მდივანმა კერიმ მკაფიოდ აღნიშნა, რომ აშშ მზად არის, დაეხმაროს თურქეთის ხელისუფლებას გამოძიების ჩატარებაში, თუმცა ჩაშლილ სახელმწიფო გადატრიალებაში აშშ-ის ნებისმიერი როლის შესახებ საჯარო ინსინუაციები და ბრალდებები აბსოლუტური სიცრუეა და საზიანოა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის”, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ჩავუშოღლუსთან საუბრისას ჯონ კერიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის დემოკრატიულად არჩეული მთავრობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა.
დღეს კი, თურქეთის პრეზიდენტმა აშშ-ს ფეთჰულა გიულენის ექსტრადიცია მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ბიბისი” ავრცელებს.
„მივმართავ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას. აქამდეც არაერთხელ მითქვამს მათთვის, ან დეპორტაცია გაეკეთებინათ გიულენისთვის ან თურქეთისთვის გადმოეცათ, მაშინ არ მომისმინეს. ახლა, ამ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მე კვლავ ვთხოვ აშშ-ს გადმოსცეს გიულენი თურქეთს. თუ ჩვენ ნამდვილად ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ვაშნგტონი გაითვალისწინებს ჩემს მოთხოვნას“, - ნათქვამია ერდოღანის განცხადებაში.