თურქეთის პრეზიდენტმა აშშ-ს ფეთჰულა გიულენის ექსტრადიცია მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ბიბისი” ავრცელებს.
„მივმართავ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას. აქამდეც არაერთხელ მითქვამს მათთვის, ან დეპორტაცია გაეკეთებინათ გიულენისთვის ან თურქეთისთვის გადმოეცათ, მაშინ არ მომისმინეს. ახლა, ამ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მე კვლავ ვთხოვ აშშ-ს გადმოსცეს გიულენი თურქეთს. თუ ჩვენ ნამდვილად ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ვაშნგტონი გაითვალისწინებს ჩემს მოთხოვნას“, - ნათქვამია ერდოღანის განცხადებაში.
თავად ფეთჰულა გიულენმა სახელმწიფო გადატრიალებაში თანამონაწილეობა უკვე უარყო და თურქეთში მიმდინარე მოვლენები დაგმო.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა კი განაცხადა, რომ.ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მხარს დაუჭერს ფათულა გიულენს, არ იქნება თურქეთის მეგობარი და ჩაითვლება, როგორც ნატო-ს წევრ ქვეყანასთან ომში ჩართული.
ბარაკ ობამას თურქეთის პირველი პირის მოთხოვნაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კი გუშინ განაცხადა, რომ თურქეთს, პირველ რიგში, ფეთჰულა გიულენის ბრალეულობის დამტკიცება მოუწევს.