გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადად უძღვებოდა.
"2008 წელს რომ აღსრულებულიყო ის გეგმა, რომელიც ვლადიმერ პუტინს ჰქონდა, დღეს არ იქნებოდა არც საქართველოს დედაქალაქი და არ იფრიალებდა ამაყად არც ჩვენი დროშა. დღეს ჩვენი ჯარი აღლუმს კი არ ჩაატარებდა, არამედ აღვნიშნავდით 25 თებერვალს - საქართველოს გასაბჭოების დღეს", - განაცხადა სააკაშვილმა მემორიალის გახსნისას.
მისივე განმარტებით, გმირებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად შეაჩერეს 2008-ში ის ჯარი, რომელმაც 48 საათში ჩეხოსლოვაკია, რამდენიმე დღეში კი უნგრეთი აიღო.
"ჩვენმა ბიჭებმა ჩვენ პოლიტიკოსებს, მთავრობას მოგვცა საშუალება წამოგვეყენებია ფეხზე მთელი მსოფლიო, ყველასთვის გაგვეგებინებინა სიმართლე და არ დაგვეტოვებინა რუსეთისთვის შანსი საქართველოს დედაქალაქი აეღო... კარგად მახსოვს ამ ბიჭების სახეები ცხინვალის მისადგომებთან, გორში, სამეგრელოში და სანამ ცოცხლები ვართ მათი ხსოვნის წინაშე ვალდებულნი ვართ დავდგეთ ერთად და დავიცვათ ქართული დროშა და ფორმა. ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები", - განმარტა სააკაშვილმა.
"ეს არის ჩვენი გმირების მონუმენტი. მასზე ამოტვიფრულია ოსების, აფხაზების სომხების, აზერბაიჯანელების, ებრაელების, ქართველების გვარები. ისინი ყველანი ქართველები არიან. მე არასდროს გავყოფ მათ, მით უმეტეს, რომ საქართველოსთვის სისხლი დაღვარეს. მათ ყველამ ერთად გადაარჩინეს საქართველო", - დასძინა პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ მემორიალი იტალიელმა არქიტექტორმა დააპროექტა. ის მთლიანად შუშისაა და მასზე სულ იმ 3 500 გმირის სახელია ამოტვიფრული, რომლებმაც საქართველოს ერთიანობასა და დამოუკიდებლობას თავი შესწირეს. მემორიალი 48 მეტრი სიმაღლისაა.