ცესკო-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ კომისია საკრებულოს დეპუტატ თედო კობახიძესთან დაკავშირებულ საკითხს სწავლობს. თამარ ჟვანიას ინფორმაციით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ფაქტზე, რომელიც შეეხება საარჩევნო წესების შესაძლო დარღვევებს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ცესკო აწარმოებს მოკვლევას, ხოლო შედეგების მიღების შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.
შეკითხვაზე, თუ რა დარღვევაზე შეიძლება იყოს საუბარი, ჟვანიამ უპასუხა, რომ საუბარია საქველმოქმედო ორგანიზაციასთან დაკავშირებით.
„არის კითხვები, სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან გამომდინარე. არ შეიძლება საქველმოქმედო ორგანიზაცია მონაწილეობდეს წინასაარჩევნო კამპანიაში ვინმეს მხარდასაჭერად. ამ შემთხვევაში დასადგენია, არის თუ არა ეს ფაქტი სინამდვილე, იყო თუ არა ქველმოქმედება ან ორგანიზაციას ჰქონდა თუ არა საქველმოქმედო მიზნები“, - განმარტა ჟვანიამ.
რაც შეეხება სანქციებს, თამარ ჟვანიას თქმით, თუკი დადგინდა, რომ დაირღვა კანონმდებლობა, ეს გამოიწვევს მხარის დაჯარიმებას 2000 ლარით, რასაც საბოლოოდ სასამართლო დაადგენს.