აჭარის მთავრობამ ანბანის კოშკის ინვესტორს, ესპანური კომპანია Boost Spain S.I.-ს ვალდებულებების შესრულება გადაუვადა.
როგორც ცნობილია, კომპანიას 2015 წლის ივნისში 20 წლის ვადით დროებით სარგებლობაში გადაეცა ბულვარში მდებარე ანბანის კოშკი (1344.7 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 5726 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი). კომპანიას ვალდებულება განესაზღვრა შენობის რესტავრაცია, ლიფტების ექსპლუატაციაში გაშვება; განათების სისტემის გამართვა, გასართობი ობიეტების და ასევე ქალაქის ხედების დასათვალიერებელი დურბინდის მოწყობა.
ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობის გამო ინვესტორს 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 1 548 750 ლარის ჯარიმა დაერიცხა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ კომპანია Boost Spain S.I.-მ წერილით მიმართა სამინისტროს, რომელშიც განმარტავს, რომ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე დაიწყო გადაცემული ქონების სარესტავრაციო სამუშაოები. ვალდებულებების ნაწილი კომპანიამ დროულად შეასრულა ნაწილი კი გარკვეული მიზეზების გამო დროში გაიწელა.
„დასუფთავდა და მოწესრიგდა კოშკის მიმდებარე ტერიტორია, ადმინისტრაციული შენობა, აღდგა წყალსაკანალიზაციო, ჰიდროგენერაციის, სახანძრო უსაფრთხოების, ელექტრომომარაგება-განაწილების და განათების სისტემები; გაიწმინდა კოშკის სფეროს გარე და შიდა მინები; მთლიან სიმაღლეზე დასუფთავდა და შეიღება ლიფტის შახტის გარე, კოროზირებული დეტალები; სფეროს ქვედა მხარეს, მასში ფრინველების შეფრენისგან დაზღვევის მიზნით, გაიჭიმა სპეციალური დამცავი ბადე; გაიმართა: ელექტროენერგიის საავარიო კვების ბლოკი, დიზელ-გენერატორი და გამანაწილებელი აგრეგატები, პროგრამული უზრუნველყოფის, კავშირგაბმულობისა და ინტერნეტის მოწყობი-ლობები; დამონტაჟდა უახლესი მოდელის აუდიო აპარატურა. ნაგებობის ზედა ნაწილში, ე. წ. ბირთვში დასრულდა შიდა კოსმეტიკური სამუშაოები, ზედა სართულზე გაიხსნა ტურისტული დასასვენებელ-საინფორმაციო ცენტრი, იგი აღჭურვილია მონიტორული სისტემით, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აჭარის და მთლიანად ქვეყნის ღირშესანიშნაობების შესახებ. დანარჩენ სართულებზე განლაგდება სხვადასხვა მრავალფუნქციური გასართობი, შემეცნებითი (ობსერ-ვატორია დღისა და ღამის ხედვის ტელესკოპებით), საგალერეო-საგამოფენო დასასვენებელი ცენტრები და ევროპული სტილის მბრუნავი რესტორანი. ობიექტის ქვედა ნაწილში ექსპლუატაციაში შესულია ბარ-რესტორანი თავისი საზაფხულო ვერანდით“, – განმარტებულია კომპანიის მიერ სამინისტროსთვის მიწერილ წერილში.
კომპანია აღნიშნავს, რომ ლიფტების აღდგენა დროში გაიწელა, ვინაიდან დაზიანებული იყო ლიფტების ძვირადღირებული მუშა აგრეგატები, გაყვანილობისა და მართვის სისტემები. მათი მოძიება და გამოწერა-შესყიდვა მოხდა საზღვარგარეთიდან, რამაც მოითხოვა დამატებითი ძალისხმევა და შესაბამისი დრო. საჭირო გახდა მონტაჟისთვის უცხოეთიდან სპეციალისტის ჩამოყვანა.დღეისათვის ტესტირებული, შემოწმებული და საექსპლუატაციოდ დაშვებულია შენობაში არსებული ოთხი სამგზავრო, მათ შორის ერთი პანორამული ლიფტი.
გადაცემულ ქონებაზე მუდმივად დასაქმებული პერსონალი, დღეის მდგომარეობით შეადგენს 15 კაცს, რომელთა რაოდენობა იზრდება განსახორციელებელ სამუშაოთა შესაბამისად.
კომპანიამ სამინისტროსგან მოითხოვა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დარიცხული ჯარიმისაგან გათავისუფლებას და ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა:
– შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაიწყოს და 2016 წლის 31 ივლისამდე განახორციელოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე, კვების ობიექტების, ლიფტების, სველი წერტილების, ღია ვერანდის, ელექტრო და კონდენცირების სისტემების რესტავრაცია (მშენებლობის დროს გამოყენებილი ტექნოლოგიური პროცესების დაცვით დამუშავება და შეღებვა);
– 2016 წლის 31 ივლისამდე ლიფტების (ხუთი ერთეული) ექსპლუატაციაში გაშვება;
– 2016 წლის 1 ოქტომბრამდე მოახდინოს კონსტრუქციის გარე განათების სისტემის აღდგენა-რეაბილიტაცია;
– 2016 წლის 1 ოქტომბრამდე სამინისტროში წარმოადგინოს, სფეროს განათების რეაბილიტაციის პროექტები: 1. არსებული სისტემის აღდგენის და 2. ალტერნატიული სისტემის დამონტაჟების, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვებით და გეგმა გრაფიკებით. ამ პროექტებიდან შერჩეული სფეროს განათების სისტემის მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება განახორციელოს 2017 წლის 30 მაისამდე;
– 2016 წლის 31 ივლისამდე მრავალფუნქციური ობიექტის ამოქმედება; (გასართობი ცენტრი, რესტორანი, ბარი და სხვა);
– 2016 წლის 31 ივლისამდე ქალაქის ხედების დასათვალიერებელი დურბინდის მოწყობა.