აჭარის მთავრობა კომპანია „სისთემ ინშაათისთვის“ ვალდებულებების გადავადების საკითხს განიხილავს, საქმე ეხება 40-სართულიანი მრავალფუნქციური შენობის ექსპლუატაციაში შესვლას.
მშენებლობის განსახორციელებლად კომპანიას 2012 წელს პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე (რუსთაველის ქ N4-6) მდებარე 4000 კვმ-ზე მეტი.
კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მას შენობა-ნაგებობის მშენებლობა 2016 წლის 1 ივლისამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, მშენებლობის ექსპლუატაციაში შესვლის ვადამ 2017 წლის 1 მაისამდე გადაიწია.
აჭარის მთავრობაში განმარტავენ, რომ მყიდველმა დადგენილ ვადაში გადაიხადა ქონების ნასყიდობის ფასი და ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში დაიწყო მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობა, დროულად არის დასრულებული მზიდი და არამზიდი კონსტრუქციების მშენებლობა, თუმცა იმის გამო, რომ კომპანიამ მრავალფყუნქციური შენობისთვის მსოფლიოში აღიარებული ფინური კომპანია „კრონის“ ლიფტებს იყენებს მათი დროულად ჩამოტანა ვერ მოხერხდა, რამაც გამოიწვია შენობის ექსპლუატაციაში შესვლი გადავადება, რასთან დაკავშირებითაც კომპანიამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა.
შპს ”სისთემ ინშაათი” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარდგენილი წერილით ითხოვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დარიცხული ან დასარიცხი ჯარიმისაგან გათავისუფლებას და ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას შემდეგნაირად:
საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე 2013 წლის 15 ივლისამდე ბათუმის მერიასთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად დაიწყოს არანაკლებ 40 (ორმოცი) სართულიანი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობა. 2015 წლის 30 აგვისტომდე დაასრულოს შენობა-ნაგებობების მზიდი კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, 2016 წლის 1 ივლისამდე დაასრულოს არამზიდი კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა და 2017 წლის 1 მაისამდე ექსპლუატაციაში შეიყვანოს მრავალფუნქციური 40 სართულიანი შენობა-ნაგებობა.