პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების ფაქტს თბილისის მერი დავით ნარმანია ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს იყო საქველმოქმედო ღონისძიება და მასში მოსყიდვის ნიშნებს ვერ ხედავს.
„არ მგონია, რომ ეს იყოს მაინც და მაინც ამომრჩევლის მოსყიდვისკენ მიმართული ღონისძიება. ეს იყო უფრო მეტად საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიება, რომელიც გაცილებით უფრო ადრე დაიგეგმა. იცით, რომ წელს ცოტაარაორდინალურ საარჩევნო ვითარებაში ვართ, თუმცა ჯერ ის მთავარი პერიოდი, რასაც ჰქვია ორთვიანი წინასაარჩევნო პერიოდი, როდესაც მსგავსი რამ იზღუდება, ის ძალაში არ არის შესული. ამიტომაც ეს საკითხი სადაოა,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს რიმა ბერაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იბარებენ. ბერაძე უწყებაში "ქართული ოცნების" მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხვაზეა დაბარებული. აუდიტის სამსახურში საკითხის მოკვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" მიმართვის შემდეგ დაიწყო.
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, 2016 წლის 30 ივნისს თბილისის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივითა და ორგანიზაციის ,,ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ ხელმძღვანელ ქეთევან ბარათელის ორგანიზებით, ჩუღურეთის რაიონში მდებარე საჯარო სკოლების პედაგოგებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქცია წმინდა მიქაელის სახელობის კლინიკაში მოეწყო და მასში სკოლების 200-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.