საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებისთვის ძალიან ბევრი პრობლემის გადალახვა გახდა საჭირო. დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ახლა რეზოლუცია მიღებულია და შესაძლებელია საუბარი იმ დაბრკოლებებზე, რაც ამ შედეგს უძღოდა.
,,მასში ჩვენს მიერ ინიცირებული დეკლარაცია ასახულია სრულად ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა. თქვენ ბრძანეთ, რომ ეს უპრობლემოდ იქნა მიღებული, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც დეკლარაცია-რეზოლუცია საბოლოოდ მიღებულია, შემიძლია, რამდენიმე ისეთი ამბავი გაგიმხილოთ, რომელიც დღემდე მაინც და მაინც ცნობილი არ ყოფილა. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ეს თემა უპრობლემო სულაც არ იყო და ახლა დარბაზში რუსეთის დელეგაციის გარდა, ყველა სხვა დელეგაციამ მხარი რომ დაუჭირა, ეს თავისთავად მიღწეული არ ყოფილა. როდესაც რეზოლუციის ინიცირების პროცესი დავიწყეთ და ჩემი სახელით კოლეგებს ეს დოკუმენტი მიეწოდა, თავიდან ძალიან გაჭირდა მხარდამჭერების - 25 ხელმოწერის შეგროვება, რაც აუცილებელი იყო მისი ინიცირებისთვის, რადგან ბევრ ჩვენს კოლეგას მოსაზრება ჰქონდა, რომ რეზოლუცია ძალიან პირდაპირი, მკვეთრი და მკაფიო იყო და ეს ხომ არ გააღიზიანებდა სხვებს და ა.შ.“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ეუთო-ში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საელჩოებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს იმისთვის, რომ მხარდაჭერა ყოფილიყო უზრუნველყოფილი და გარანტირებული.
,ამიტომ ჩვენ ფუნქციონირება და სახელმწიფო გვჭირდება. კერძოდ, ფუნქციონირებადი პოლიტიკური სისტემა, რომ ქვეყანას ვემსახუროთ და კარგი გადაწყვეტილებები მივიღოთ ხოლმე“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25 სესიის დასკვნით, პლენარულ სხდომაზე ევროპელმა დეპუტატებმა თბილისის დეკლარაცია დაამტკიცეს.
დოკუმენტში შედის ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლიცია -"კონფლიქტი საქართველოში".
თბილისის დეკლარაციას 122 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 6 წინააღმდეგი იყო, 7-მა კი თავი შეიკავა.